ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, მარგარეტ მენეზესს შეხვდა. ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექს ჯიაკომელი და სილვასთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურის სფეროში მომზადებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელი საქართველოში მოაწერა. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ოფიციალური დოკუმენტი ბრაზილიის კულტურის მინისტრს გადასცა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმი კულტურული პოლიტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის, მუზეუმების, ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებებით თანამშრომლობას და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ კულტურულ პროექტებზეც. აღინიშნა, რომ საქართველოში ბრაზილიელ პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება, რასაც მოწმობს როგორც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ წარმატებული საკონცერტო ტურნე ბრაზილიაში, ისე ანსამბლ „რუსთავის“ დაგეგმილი კონცერტები ქალაქ ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მირცხულავამ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე, ბრაზილიის მხრიდან კი კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.