პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინა Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უახლოეს კვირებში მიიღებს
უკრაინა Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„შეიარაღების ბოლო გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად“, – დასძინა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სამხედრო დახმარების წინა ორ პაკეტში შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის Bradley-ის ქვეითთა 109 საბრძოლო მანქანის გადაცემა გამოაცხადა, რომლებსაც „ტანკის მკვლელებს“ უწოდებენ. ამის შემდეგ, გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის აღნიშნულ სისტემებზე რამდენიმე კვირიანი სწავლება მოეწყო.
უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ ბახმუტში სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე ათიათასობით მობილიზებული ჯარისკაცის მეშვეობით, თუმცა, მისი თქმით, ეს ჯარისკაცები ცუდად არიან აღჭურვილნი, ცუდად გაწვრთნილები და მათ ნაჩქარევად უშვებენ ბრძოლის ველზე.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსეთის შეტევითი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ფორმირების წარმატებით შენარჩუნებას და ბახმუტის დაცვას.