“ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, სასწრაფოდ” – ევროპარლამენტი რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 19 იყო, ხოლო 33-მა თავი შეიკავა.
დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო და ბელარუსის ხელმძღვანელობა.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ სპეციალურ ტრიბუნალზე მოსამზადებელი სამუშაოები “დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს”.
რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას, უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის კომპენსაციის მიზნით.
დოკუმენტის მიღებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლულია ბავშვები, ქალები, კაცები. ნადგურდება ოჯახები. დანგრეულია საავადმყოფოები. დანგრეულია სახლები. დანგრეულია სკოლები. დღეს, ევროპარლამენტი მოითხოვს სასწრაფოდ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი. ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. სასწრაფოდ”, – დაწერა მან “ტვიტერში”.