საფრანგეთში, საპენსიო ასაკის ზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა დაიწყო
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდას ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა დაიწყო.
ამის შესახებ Associated Press წერს.
საფრანგეთში 200-ზე მეტი აქციაა მოსალოდნელი, მათგან ყველაზე მასშტაბური პარიზში, რომელშიც ყველა პროფკავშირი მიიღებს მონაწილეობას. გაფიცვას შეუერთდებიან – რკინიგზის მუშები, ენერგეტიკოსები, მასწავლებლები და საბავშვო ბაღების მასწავლებლები, სტუდენტები და პოლიციის პროფკავშირები.
სარკინიგზო ოპერატორმა SNCF-მა განაცხადა, რომ გრძელ დისტანციებზე რეისების უმეტესობა გაუქმებულია; ასევე, პარიზის, ორლის აეროპორტიდან ფრენების, დაახლოებით 20% გაუქმდა.
რეფორმა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის ითვალისწინებს. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს არსებული სისტემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მოსახლეობის დაბერების და სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
პროფკავშირებში კი ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს და საპენსიო ასაკის გაზრდის ნაცვლად, გამოდიან წინადადებით, მოხდეს მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადების გაზრდა, ან დამსაქმებლების შენატანების ზრდა, რომელთა თანხები პენსიების დაფინანსებისკენ არის მიმართული.
როგორც შრომის მინისტრმა, ოლივიე დიუსომ განაცხადა, დაბეგვრის ზრდა ეკონომიკას დააზარალებს და თუ საპენსიო ასაკი არ გაიზრდება და გადასახადები არ გაიზრდება, პენსია უნდა შემცირდეს.
საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად პარლამენტს თებერვალში წარედგინება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის დაწყება ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში სცადა, მაგრამ პანდემიის გამო ის გადაიდო.