“აღარ ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე” – გერმანიის ფინანსთა მინისტრი
გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, – განუცხადა BBC-ს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა.
ლინდნერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ევროპაში გაზის ნაკადები შეწყვიტა, ბერლინმა ახალი წყაროები იპოვა.
„რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ დღეს უკვე არა რუსეთიდან, არამედ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა მან.
გერმანია რუსეთიდან მოხმარებული გაზის, თითქმის ნახევარს და ნავთობის, თითქმის მესამედს იღებდა.
რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება 2022 წლის აგვისტოში შეწყვიტა, ხოლო გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი მიმიდინარე წლის დასაწყისში შეწყვიტა.
ამ ფონზე გერმანიამ ისევ გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, შეაჩერა სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმა და გაზარდა სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ, იმპორტირებული ბუნებრივი აირის შენახვის მოცულობა.