ზელენსკი: ნატო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა
უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის სურვილია გაწევრიანდეს ნატოში, რადგან ის ქვეყნისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.
„უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ სამწუხაროდ, ჯერ იქ არ ვართ და რუსეთს ეს ძალიან კარგად ესმის და აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენთვის უსაფრთხოების ორგანიზაციების წევრობა არ გაამარტივოს, მაგრამ ჩვენ ვართ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რადგან ნატო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა უნდა იყოს მხარდაჭერილი, რუსეთსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იყოს გლობალური წესრიგის ნაწილი.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ტერორისტებს შორის.
„ჩვენი პრიორიტეტი დღეს, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ვნახოთ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები და ფიგურები, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია ან ბოლო დრომდე აქტუალური იყო, რათა მათ შეძლონ აღიარონ პუტინის დაშვებული დიდი შეცდომა. მათ უნდა აღიარონ რუსეთის ეს აგრესია“, – დასძინა ზელენსკიმ.