„მსოფლიო არ უნდა მერყეობდეს დღეს და არასდროს“ – ზელენსკი მოკავშირეებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ.
„ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა ომის დასაწყებად. დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო იყენებს მკვლელობისთვის. უკრაინა და მისი მოკავშირეები ამას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან. ამ პერიოდის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ჩვენმა ყველა დროულმა მოქმედებამ დადებითი შედეგი მოიტანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსოფლიო მერყეობდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და შემდგომ, როდესაც 2022 წლის თებერვალში ის მთელს ქვეყანაში შეიჭრა.
„მსოფლიო არ უნდა მერყეობდეს დღეს და არასდროს, მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი დგამს ახალ ნაბიჯებს. უკრაინისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა დაასწროს რუსეთის მიერ შემდგომ სარაკეტო თავდასხმას. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენამ უნდა დაასწროს რუსეთის თავდასხმას უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.