უკრაინის ქალაქ ბროვარიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ საპოჟკომ „ტელეგრამზე“ განაცხადა.

„ბროვარიში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 19, 20 და 21 იანვარი ჩვენს საზოგადოებაში გლოვის დღეებად გამოცხადდა“, – აღნიშნა საპოჟკომ.

ბროვარის მერმა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„შავი დღე… დანაკარგით გამოწვეული ტკივილის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. მსუბუქი ღრუბლები პატარა ანგელოზ მილანკას… ცათა სასუფეველი და მარადიული ხსოვნა ყველა მიცვალებულს“, – განაცხადა იგორ საპოჟკომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, Super Puma AS 332 უკრაინის ქალაქ ბროვარიში, დღეს დილით, საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს ავიაკატასტროფის გამოძიება დაავალა, და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მან მომხდარს ქვეყნისთვის “შავი დილა” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები