რუსუდან გაჩეჩილაძის გვიანი აღიარება და მოლოდინი, რომ მისი ქანდაკება დაიდგმება საქართველოში
ძალიან გასახარია, რომ ბოლოს და ბოლოს სურათების ეროვნული გალერეა მართავს რუსუდან გაჩეჩილაძის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც 20 იანვარს გაიხსნება და 4 თებერვლამდე გაგრძელდება.
რა კარგია, რომ ამ დიდებული ხელოვანის აღიარების ჟამი ასე გვიან, მაგრამ მაინც რომ დადგა. მას მუდამ ჰქონდა მაღალი რენომე სამხატვრო წრეებში, მთელი ჩემი ახალგაზრდობა მესმოდა და ვხედავდი, რომ ის იყო უნიჭიერესი და უკომპრომისო მოქანდაკე და პედაგოგი.
პროფესიულ წრეებში მუდამ იცოდნენ მისი ფასი, პირად საუბრებსა და საჯაროდაც ამაზე ღიად ლაპარაკობდნენ. 2019 წელს არტკრიტიკოსმა დავით ანდრიაძემ მას წიგნიც კი მიუძღვნა. „რუსუდან გაჩეჩილაძე – ავტორი, გმირი და მოდელი”, სადაც იგი „შეკრული ქანდაკების მაესტროდ”, „დიდ მხატვრად” და „საქართველოს უპირველეს მოქანდაკე ქალად” მოიხსენია. ამავე ავტორმა ახლახან გამოუშვა სქელტანიანი წიგნი „საქართველო, თანამედროვე ქანდაკება”, რომელიც ფიზიკურად არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასში სათანადო ადგილი ეთმობა რუსუდან გაჩეჩილაძეს, სახელოვან სკულპტორს და მის ღონიერ კვალს ქართული ქანდაკების განვითარებაში.
რუსუდან გაჩეჩილაძე ძლიერი იყო თავის ნამუშევრებში, მაგრამ სრულიად უძლური იყო საბჭოთა კონიუნქტურის ლაბირინთების გაგნებაში. მას არასოდეს გაუმარჯვია კონკურსებში, არასოდეს მიუღია შეკვეთა რაიმე ძეგლის შესაქმნელად. ამიტომაც არის, რომ მისი არცერთი ქანდაკება არ გაჭაჭანებულა საქართველოში. ის ძირითადად მცირე პლასტიკურ ფორმაში მუშაობას არჩევდა და ქმნიდა უბრწყინვალეს პორტრეტებსა და კომპოზიციებს.
რუსუდან გაჩეჩილაძე მონაწილეობდა ხოლმე მაშინდელ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებზე და მახსოვს, რომ შეუძლებელი იყო, გულგრილად შეგევლო თვალი მისი ქანდაკებებისთვის. ზუსტად 42 წლის წინ ვნახე პირველად მისი ნამუშევარი ამგვარ სეზონურ გამოფენაზე და დღემდე ცხადად მახსოვს მისგან მიღებული შთაბეჭდილება და ახლა, ოთხი ათეული წლის შემდეგ, უფრო მომწონს და გაცილებით მეტ სიღრმეს ვპოულობ, ვიდრე ამას მაშინ ვაცნობიერებდი. „ალაზნის ველი” – ასე ერქვა იმ ქანდაკებას და ამ გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან სკულპტორად მიმაჩნია ქართულ საქანდაკო ხელოვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქანდაკება „აღმავალ საბჭოთა დროებაში” შეიქმნა და თემატურად შრომის აპოლოგიად იაზრებოდა, პლასტიკურად მას არავითარი საერთო არ ჰქონდა გაბატონებულ სოცრეალიზმთან. მასში არქაულ და კუბისტურ სკულპტურებთან უფრო მეტი სიახლოვე იგრძნობოდა.
„ალაზნის ველის” მნიშვნელობა, ჩემი აზრით, გაცილებით გაზარდა ერთმა ქართულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელიც 2007 წელს მოხდა და ეს არტეფაქტი ჩვენს წელთა აღრიცხვამდე VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ეს არის მჯდომარე კაცის მინიატიურული ფიგურა, რომელსაც ხელში სასმისი უჭირავს და ღვინის და ბახუსის ღვთაებას უნდა უკავშირდებოდეს. გახსოვთ ალბათ, რომ ამ მონაპოვრის გადიდებული ასლი შექმნეს და დადგეს კიდეც ძველ თბილისში, ბამბის რიგის თავში. მას „თამადად” იცნობს საზოგადოება. რუსუდან გაჩეჩილაძის „ალაზნის ველსა” და „თამადას” შორის იდუმალი დიალოგი არსებობს. ღვინის ისტორიულ სამშობლოში 27 საუკუნის წყვეტით იშვა ქანდაკება, რომელიც ასევე ვაზისა და ღვინის კულტურას უკავშირდება და ეროვნულ სულს ძალდაუტანებლად და უზუსტესად გადმოსცემს.
შესანიშნავია რუსუდან გაჩეჩილაძის სამკვირიანი რეტროსპექტივა უპირველეს ქართულ გალერეაში, კარგია ისიც, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი სახელწოდებით: „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი”, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ქართველ საზოგადოებას მეტი ყურადღება მართებს რუსუდან გაჩეჩილაძის მიმართ. ღვინის და ქვევრის სამშობლოში აუცილებლად უნდა დაიდგას მისი პლასტიკური შედევრი „ალაზნის ველი”.
მე ამ საკითხზე ხუთიოდე წლის წინათ ვესაუბრე კიდეც დავით ანდრიაძეს, რომელსაც მოეწონა ეს აზრი და მირჩია, პროექტის მომზადება. იმხანად ჩვენ ვერ შევძელით ამ საქმის წამოწყება.
სამწუხაროდ, ვერ დავესწრები და პირადად ვერ მივულოცავ ჩვენს საამაყო ხელოვანს, რუსუდან გაჩეჩილაძეს გვიან მოსულ აღიარებას, მაგრამ მინდა გამოფენის გახსნაზე გაჟღერდეს ჩემი ეს აზრი, ზემოთ აღნიშნული ქანდაკების მასშტაბის გაზრდის თაობაზე, რადგან ის მცირე ზომისაა ორიგინალში და ამგვარი ტრანსფორმაცია მხოლოდ ავტორის ნებართვით შეიძლება განხორციელდეს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან