სოფელ ხოვლეში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის, სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროექტის შესაბამისად, შენობის ფასადები გაიწმინდება და რესტავრირდება; მოეწყობა სახურავი, აღმოსავლეთის ავარიული კედელი დაიშლება და აღდგება არსებული წყობის ხასიათის სრული დაცვით; მოეწყობა მარანი. ასევე, აშენდება ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ცენტრი. ტერიტორია გახდება შშმ პირთათვის ადაპტირებული.
სახლ-მუზეუმს, ძირითადად, XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურის ზოგადი სტილისტური ნიშნები ახასიათებს და ქართლის სოფლების თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშად გვევლინება. XX საუკუნის განმავლობაში შენობას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა, საერთო დაგეგმარების მხრივ, მასშტაბური ცვლილებები არ მომხდარა.