პუტინი აცხადებს, რომ “სპეცოპერაციის” მიზანი ომის შეჩერებაა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ “სპეცოპერაცის” დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე თქვა.
„ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციაში, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა ტრაგედიის გზას ჯერ კიდევ 2014 წელს დაადგა, როდესაც პუტინის აზრით, ქვეყანაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალება“ მოხდა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი მტკიცება, რომ დონბასის მიწები რუსულია.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სასარგებლოდ ზარალს შეეგუა, მაგრამ იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუა.
პუტინმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კიევის ხელისუფლებამ ხალხის განადგურება რუსული კულტურისადმი კუთვნილების და რუსულ ენაზე ლაპარაკის სურვილის გამო.