“კანადა ჯერ არ არის მზად უკრაინას Leopard 2 ტანკები გადასცეს” – ჯასტინ ტრუდო
კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რუსეთთან ომში ყველანაირად დაეხმარება, მაგრამ ის ჯერ არ არის მზად Leopard 2 ტანკებზე სასაუბროდ.
ამის შესახებ გაზეთი The Globe and Mail-ი წერს.
“ჩვენ მათ გავუგზავნეთ სხვადასხვა უამრავი იარაღი, მათ შორის საზენიტო სისტემა. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, მაგრამ “ლეოპარდ 2″-ის ტანკებამდე ჯერ არ მიგვიღწევია. ჩვენ უკრაინას მივაწვდით ყველაფერს, რაც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად”, – დასძინა კანადის პრემიერმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად სთხოვს კანადას Leopard 2 ტანკებს, როგორც კი გერმანია, როგორც მწარმოებელი ქვეყანა, მათი რეექსპორტის ნებართვის გასაცემად იქნება მზად.
ღია წყაროების მიხედვით, კანადას Leopard 2 ტანკის ორი სხვადასხვა მოდიფიციკაციის 82 ერთეული გააჩნია.
გასულ კვირას კანადამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან შეიძენს და გადასცემს უკრაინას “პატრიოტის” საზენიტო-სარაკეტო გამშვებ სისტემას.