„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს“ – ვიტალი კლიჩკო
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ კოლაფსზე, მაგრამ ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, რადგან რუსეთის განმეორებით სარაკეტო დარტყმას შეუძლია გაანადგუროს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ჩვენს მშობლიურ ქალაქში, კიევში და არა მხოლოდ კიევში, სხვა ქალაქებშიც. ახლა კიევში ენერგიის დაახლოებით 30%-იანი დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა კიევის მერმა Reuters-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინელები ახლა გადარჩენისთვის იბრძვიან.
„ახლა უკრაინაში საკმაოდ ცივა. -10, -20, ზოგჯერ ზამთარში -30 გრადუსია. ასეთ პირობებში ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე, გათბობის გარეშე თითქმის შეუძლებელია და ამიტომაც არის კრიტიკული სიტუაცია, ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.