“რუსებმა სომხეთის ეკონომიკის ზრდას შეუწყვეს ხელი” – ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის ხელისუფლება 2023 წელს მშპ-ს 7%-იან ზრდას ვარაუდობს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ისეთი მაღალი ზრდის ფონზე, რაც 2022 წელს დაფიქსირდა (12,5-13%) 7%-იანი ზრდის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია.
მან გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში 7%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი, თუმცა, აშკარაა, რომ ზრდა გაცილებით მაღალი იყო.
“ეკონომიკის ზრდა დიდწილად განპირობებული იყო რუსეთიდან სომხეთში გადასული უამრავი მოქალაქით. მათი ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია, ასევე იმიტომ, რომ მათ ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ სხვადასხვა მიმართულებით წასვლა, მაგრამ ისინი აქ ჩამოვიდნენ. და ყველა ქვეყანას კი არ მიუღწევია მშპ-ს 12,5-13%-იანი მაჩვენებლისთვის, რომლებსაც ამ ადამიანებმა შეაფარეს თავი”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ “ჩამოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი IT სექტორის სპეციალისტია, მთავრობამ გასული წლის ბოლოს, ამ ინდუსტრიისთვის დაახლოებით, 10 მილიარდი დრამის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო (დაახლოებით $25 მილიონი). რა თქმა უნდა, მხარდაჭერით ადგილობრივი სპეციალისტებიც ისარგებლებენ, მაგრამ ის ასევე დაეხმარება სომხეთში გადასული სპეციალისტების შენარჩუნებას და ახალი ნაკადის შემოდინების უზრუნველყოფას”.