“ამ ქმედებების შედეგად ევროკავშირი საერთაშორისო საქმეებში ავტორიტეტს დაკარგავს” – ზახაროვა სოხუმსა და ცხინვალში გაცემული პასპორტების მიუღებლობაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების მიუღებლობის შესახებ, “სავიზო დისკრიმინაცია” უწოდა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქმედებები “ექვემდებარება ცინიკურ პოლიტიკურ ამოცანებს”. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში გაცემული პასპორტები, ევროპის მიერ “სპეცოპერაციის დაწყებამდეც” არ მიიღებოდა.
„ევროკავშირი ცალმხრივად ზღუდავს მილიონობით ადამიანის გადაადგილების თავისუფლებას და არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად აირჩიონ მოქალაქეობა და საცხოვრებელი ადგილი“, -აღნიშნა მან.
ზახაროვას თქმით, ევროკავშირის ქმედებები არღვევს ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული დოკუმენტების დებულებებს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის არაღიარება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებების დარღვევას.
„სეგრეგაციის ასეთი პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რაც კიდევ ერთხელ ასახავს ევროკავშირის ჭეშმარიტ მტრულ ზრახვებს, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ. ამ ქმედებების რეალური შედეგი იქნება, რომ ევროკავშირი საერთაშორისო საქმეებში ავტორიტეტს დაკარგავს“, – მიიჩნევს მარია ზახაროვა.