კახა წიქარიშვილი: ჩვენ რომ სასამართლოში გვყავდეს წესიერი, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, არანაირი პრობლემა არ იქნება დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო
„ჩვენ რომ სასამართლოში გვყავდეს წესიერი, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, არანაირი პრობლემა არ იქნება დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. საბჭოც კარგი გვეყოლება, განაწილებაც კარგი იქნება, სკოლაც კარგი იქნება, ინსპექტორიც კარგი იქნება, ყველა რეგულაცია იქნება სუპერი”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, კახა წიქარიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
წიქარიშვილი პრობლემას ვერ ხედავს დღეს არსებულ რეგულაციაში, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხარო ის არის, რომ სასამართლოში გვყავს ჯგუფი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.
„რაც შეეხება საბჭოს რეფორმას დეკონცენტრაციაზე, დღეს არსებობს ამაზე მოსაზრებები, რომ უნდა მოხდეს საბჭოს ფუნქციების დეკონცენტრაცია, რასაც მე მხარს ვუჭერ გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან. პრობლემას ვერ ვხედავ დღევანდელ რეგულაციებში. თუნდაც მოსამართლე და მივლინებების, არ მგონია დიდი პრობლემა იყოს დღეს არსებული რეგულაცია, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ სასამართლოში გვაქვს ის ვითარება რაც გვაქვს, გვყავს ჯგუფი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა მექანიზმი გამოვაცალოთ ხელიდან. ასეთ ვითარებაში ვართ, რაც არ არის ნორმალური ვითარება იმიტომ, რომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედებს, ორმაგი ორი მესამედი, ხელოვნური ინტელექტი, რაღაცის ჩანაცვლება, თავმჯდომარის გაუქმება, პარადოქსულ რაღაცებს ვიგონებთ, რათა ამ ჯგუფს ხელიდან გამოვაცალოთ ძალაუფლება. ჩემი აზრით ეს არ არის კარგი, არ არის ნორმალური, მაგრამ სხვა საშუალება არ გვაქვს და ამ მეთოდით მუშაობს დღეს არასამთავრობო სექტორიც“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.