პუტინმა სპეცსამსახურებს “მოღალატეების, ჯაშუშებისა და დივერსანტების” გამოვლენისკენ მოუწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეცსამსახურებს მოუწოდა – „უხეშად აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები, ოპერატიულად გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები“.
უსაფრთხოების სამსახურების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა ასევე დაასახელა სპეცსამსახურების მუშაობის ძირითადი მიმართულებები – ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან ბრძოლა და საზღვრების დაცვა.
პუტინმა ასევე გამოყო უსაფრთხოების სააგენტოების ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში მოქმედება დაიწყეს.
”დიახ, რთული დღეებია: დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია”, – თქვა პუტინმა და დაჰპირდა, რომ ანექსირებულ ტერიტორიებზე სპეცსამსახურებს მიაწვდის ახალ აღჭურვილობას, იარაღს და “გამოცდილ კადრებს.”
2021 წელს ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის პარალელურად, პუტინმა საპროტესტო აქციებზე გაამახვილა ყურადღება და სპეცსამსახურებს მოუწოდებდა, “არ დაუშვან ადამიანები, განსაკუთრებით – ახალგაზრდები, ჩაერთონ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში“.
2020 წელს, ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ერთად, პუტინი ახსენებდა “ისტორიის გადაწერის ნებისმიერი მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის, ნაციზმის დამარცხებაში ეროვნული სპეცსამსახურების როლის მიჩქმალვას ან დამახინჯებას”.