“2023 წელს მოლდოვაში რუსეთის შეჭრის მაღალი ალბათობა არსებობს” – მოლდოვის სპეცსამსახურების ხელმძღვანელი
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ალექსანდრუ მუსტიაცე მიიჩნევს, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის რისკი რჩება და ეს შესაძლოა, უკვე 2023 წელს მოხდეს. მაგრამ, მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე.
ამის შესახებ მუსტიაცემ TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ შეტევას მოლდოვის ტერიტორიის მიმართულებით, არამედ – როდის მოხდება ეს: წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში ან მოგვიანებით – მარტში, აპრილში,“ – განაცხადა მოლდოვის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთს შეუძლია, უფრო შორს წავიდეს, რომ შექმნას დერეფანი დნესტრისპირეთის რეგიონთან.
“მაშინ შესაძლებელი იქნება გარკვევით თქმა, რომ დიახ, ისინი აპირებენ აქ შემოსვლას. თუ რა მოჰყვება ამას, კიშინიოვის მიმართ მათი განზრახვებს, შეიძლება, განხილვის საგანი იყოს, მაგრამ ეს რეალური და ძალიან მაღალი რისკია”, – თქვა ალექსანდრუ მუსტიაცემ.
მან გაიხსენა, რომ დნესტრისპირეთში ევროპაში ყველაზე დიდი საბრძოლო მასალის საწყობი მდებარეობს, რომელსაც რუსები იცავენ და, მოლდოვაში რუსეთის ჰიპოთეტური შეჭრის შემთხვევაში, სამხედრო დაპირისპირებისას შესაძლოა, ეს საბრძოლო მასალა იყოს გამოყენებული.