ევროკავშირი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რეპორტიორების დაბლოკვის გამო, მილიარდერ ილონ მასკისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ევროკომისარ ვერა იუროვას განცხადებით, ილონ მასკის გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს და მან უნდა იცოდეს, რომ არსებობის „წითელი ხაზები“, რომელთა მიღმაც სანქციებია.
„შემაშფოთებელია ცნობები ჟურნალისტების Twitter-ის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. ევროპული ციფრული სერვისების აქტი მოითხოვს პრესის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ეს მოთხოვნა ასევე გაძლიერებულია ჩვენი პრესის თავისუფლების აქტით. ამის შესახებ ილონ მასკმა უნდა იცოდეს. აქ „წითელი ხაზები“ გადის და უახლოეს მომავალში შესაძლებელია სანქციების დაწესება“, – წერს ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ცნობისთვის, სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, CNN-ისა და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები მას შემდეგ დაბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.