გიორგი ტყემალაძე: ათეა მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეხუთე ეროვნული კონფერენციის მუშაობასა და საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები არა მხოლოდ ქმნიდნენ მუნიციპალური სერვისების მიწოდების კარგ პრაქტიკას, არამედ საკუთარი გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით, სხვა მუნიციპალიტეტების წარმატებასაც უწყობდნენ ხელს.

„ვფიქრობ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარეა ადგილობრივი თვითმმართველობების მოტივირება, რომ გააუმჯობესონ საქმიანობის ხარისხი.
ათეა-ს როლი მუნიციპალიტეტებს შორის ჰორიზონტალური თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ათეა ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა – პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში – ნიკ ბერესფორდმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – კახა კახიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა და პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა. კონფერენციას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2022 წლის კონკურსში შესული 47 საკონკურსო განაცხადიდან, პროგრამის მმართველმა კომიტეტმა 15 განაცხადი საუკეთესო პრაქტიკად აღიარა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდოები და სიგელები ბათუმის, ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, ონის, დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს 2018 წლიდან ყოველწლიურად ატარებს. სასტუმროში „ბილტმორ ჰოტელ თბილისი“ გამართულ ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები