რატი ბრეგაძე: ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურება – ეს არის სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი, თუმცა ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ეს მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და არ ვჯერდებით მიღწეულს. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია ახალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე დამტკიცდა მთავრობის მიერ. ეს სტრატეგია ითვალისწინებს სერვისების გამცემ უწყებებში მომსახურების შექმნის, მიწოდების ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომების დანერგვას. სტრატეგიის რეალიზაცია პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და 2022 წლის აპრილიდან, სტრატეგიის დამტკიცებიდან დღემდე, გატარდა არაერთი მოქმედება,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში.

რეფორმის შედეგად სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ტრენინგ-მოდულები მოამზადა.
აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდა. სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. რეფორმის მოცემული კომპონენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. ”
მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, საქართველოში სახელმწიფო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. “საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი იქნება დამისამართებული და სახლის მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია, ზუსტად ექნება განსაზღვრული ყველა ადამიანს,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას.
იუსტიციის სამინისტრო, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი კომპონენტებია:
• მუდმივად განახლებადი რეესტრის დანერგვა, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება.
• საველე ჯგუფების მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ და განახლებულ მისამართებზე მოქალაქეთა იდენტიფიცირება, სამისამართო მონაცემებში აღმოჩენილი ცვლილებების დაზუსტება.
• დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება და სამისამართო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა. მისამართების რეესტრში დაზუსტებულია ქვეყნის 55 დასახლების 466 057 მისამართი და 2 986 733 პირის შესახებ ჩანაწერი. ასევე, 2013-2020 წლებში დამისამართების საველე სამუშაოები პირველად ჩატარდა 900-მდე სოფელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები