ილია დარჩიაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს, ჯიუჩი იამადას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი, ქალაქ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს, ჯიუჩი იამადას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც ქვეყანას განვითარებასა და სხვადასხვა საჭიროებაზე რეაგირებაში ეხმარება. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა სააგენტოს ჩართულობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ა.შ.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც სააგენტოსთან სამომავლოდ თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის მიმართულებით. სააგენტოს მხრიდან დაინტერესება გამოიხატა კარგად იქნეს შესწავლილი არსებული საჭიროებები და სამომავლო პროექტები. როგორც სააგენტოს ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და სტაბილური რეიტინგები იძლევა საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის კარგ შესაძლებლობას.
თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე საუბრისას დაინტერესება გამოიხატა დამატებით განათლების, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს კონტრიბუციის მიმართულებით.