კულტურის სამინისტრო კირილე ზდანევიჩის ნახატს სამუზეუმო ფონდებს გადასცემს

30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 524 გრაფიკული და 153 ფერწერული ტილოა. პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით; ამოცანა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
როგორც კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის განხორციელების ახალ ეტაპზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისთვის კირილე ზდანევიჩის ერთ-ერთი ნამუშევარი „ქლუხორის უღელტეხილი“ შეიძინა.
„კირილე ზდანევიჩი ქართველი მოდერნისტი შემოქმედი, გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი და ქართულ-რუსული ე.წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი არის „ორკესტრული ფერწერის” შემქმნელი, რაც ილია ზდანევიჩის „ვსიოჩესტვოს” კონცეფციის ვიზუალური ნაირსახეობაა მხატვრობაში.
2021 წელს კულტურის სამინისტრომ იმ გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები შეიძინა, რომელთა ნახატებიც აქამდე საერთოდ არ/არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. 1960-70-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-90-იანელთა ფერწერული ნამუშევრები ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს წარმოაჩენს; აღსანიშნავია ნონკონფორმისტ მხატვართა ნამუშევრების შეძენაც, რომლებიც პირველად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2021 წლის 5 ნოემბერს გამოიფინა. ჯგუფურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლდათ 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ნაქანდაკები, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი.
გავიხსენოთ ისიც, რომ 2021 წელს კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი მხატვრის ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია შეიძინა, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები