გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკისა და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.
“თითქმის დასრულებულია ფანჩატურის, კაფისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. უახლოეს პერიოდში განახლდება ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარი, ასევე იგეგმება საავტომობილო ხიდისა და ავტოსადგომის მოწყობა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.6 მილიონი ლარის დაფინანსებით.
პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის არეალი განახლებული იერსახით და ახალი რეკრეაციული სივრცით მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს,”- წერია ინფორმაციაში.