ხაშურის შემდეგ კასპი – ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ -კონგოს დიაგნოზით კიდევ ერთი მამაკაცი მოათავსეს

ყირიმ – კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს, დაავადებული მამაკაცი, ამჯერად თბილისში კასპის რაიონიდან გადმოიყვანეს, – ამის შესახებ „კვირას“ საავადმყოფოს N 1 ბოქსის მორიგე ექიმმა მარინე ტრაპაიძემ განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცი კილინიკაში გუშინ ღამით კასპიდან გადმოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. „მამაკაცს მაღალი სიცხე, ინტოქსიკაცია, თავის ტკივილები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. მისი მდგომარეობა ზოგადად მძიმეა“, – აღნიშნა მარინე ტრაპაიძემ. როგორც „კვირას“ მორიგე ექიმმა განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით 5 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მამაკაცი და ერთი ქალბატონია. პაციენტთა უმრავლესობა ხაშურიდანაა. მისივე თქმით, 5 დან 4 პაციენტს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ინფექცია დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები სხვადასხვა ღრუებიდან. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ინფიცირებულმა დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ლეტალური გამოსავლის დადგომა. დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ქმედებებს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტისას პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანები და ფეხსაცმელი), მედიცინის სფეროს მუშაკების მიერ საავადმყოფოსშიგა რეჟიმის დაცვა, ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ, ტკიპებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები