ომის დაწყებიდან უკრაინა მოსახლეობის 20%-მა დატოვა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ქვეყანა, დაახლოებით, 7 მილიონმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 20%-ს შეადგენს.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის 4,9 მილიონი მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. მათი მესამედი პენსიონერები და შშმ პირები არიან.
ასევე, ყოველ მეორე ოჯახში, რომელმაც სახლი დატოვა, ერთი ან მეტი ბავშვია.
დიმიტრი ლუბინეცის თქმით, უკრაინის 13 მილიონი მოქალაქე „ინტენსიური საომარი მოქმედებების ზონებში“ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.
ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქალაქებიდან და სოფლებიდან 46 000 ადამიანია ევაკუირებული.