აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “ქორწინების პატივისცემის” კანონს მოაწერა ხელი.
ახალი კანონი ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას, რაც გამოწვეულია შიშით, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, გააუქმოს ასეთი ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა.
„ქორწინება მარტივი შეთავაზებაა. ვინ გიყვართ? და იქნებით თუ არა საყვარელი ადამიანის ერთგული? არ არის რთული. კანონი აღიარებს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება“, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ „დღეს კარგი დღეა“.
ხელმოწერის ცერემონია საზეიმო ვითარებაში თეთრი სახლის ეზოში ჩატარდა, სადაც კანონის მომხრეები შეიკრიბნენ, ასევე, მომღერლები.
ხელმოწერამდე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი ხელს უწყობს ადამიანებს შორის თანასწორობას.
”ყველა იმსახურებს, საყვარელ ადამიანთან კავშირის დამყარების ჯადოსნური კურთხევით ისარგებლოს”, – თქვა მან.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, რომლის ქალიშვილი და ცოლი შვილს ელოდებიან, თქვა, რომ ეს “სიხარულის დღეა”.