გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის განცხადება მთლიანად აქარწყლებს ანაკლიის კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის გაჟღერებულ თვალსაზრისს, ხელისუფლების მხრიდან პორტის მშენებლობის მიზანმიმართულ ხელის შეშლაზე
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, მთლიანად აქარწყლებს ანაკლიის კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის წლების მანძილზე გაჟღერებულ თვალსაზრისს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ხელის შეშლაზე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა უცხოური ინვესტიცია განხორციელდება, რაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს!
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო და გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი პარტნიორი კომპანიის შესარჩევად, მთლიანად აქარწყლებს ანაკლიის კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის წლების მანძილზე გაჟღერებულ თვალსაზრისს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ხელის შეშლაზე.
ამ ხელის შეშლის მთავარ მოტივად კი დასახელებული იყო რუსული ინტერესი!
ორი წლის წინ, როდესაც ეს პროექტი დროებით შეჩერდა და სახელმწიფომ გაწყვიტა კონტრაქტი ანაკლიის კონსორციუმთან, ამ თემაზე ერთ-ერთ ბოლო დებატში აღვნიშნე, რომ თუ უახლოეს 2-3 წელიწადში სახელმწიფო არ გამოაცხადებდა ახალ კონკურსს და პროექტს დახურავდა, მაშინ შეიძლება კიდევ ჰქონოდა კონსორციუმის პრეტენზიებს რაიმე ობიექტური საფუძველი!
რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი აშენდება ისე, რომ ფოთის და ბათუმის პორტებში განხორციელდება დამატებითი ინვესტიციები! ამას ხაზს იმიტომაც ვუსვამ, რომ ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი ულტიმატუმი ხელისუფლებისადმი ესეც იყო, ანუ ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობის საკითხი, რაც არ იყო გათვალისწინებული არც ინტერესთა გამოხატვის პირობებში და არც ხელშეკრულებაში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კონსორციუმმა წარმოადგინა პორტის პოტენციური ოპერატორის SAA International-ის სურვილი განეხორციელებინა ინვესტიცია იმ პირობით, თუ სახელმწიფო არ გასცემდა ნებართვას კონკურენტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, სანამ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტვირთბრუნვა არ მიაღწევდა მისი გამტარუნარიანობის 70%-ს. სწორედ ეს ნიშნავდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ექსკლუზიურობის მინიჭებას.
მაშინაც აღვნიშნე და დღესაც მსურს გავიმეორო, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც იყო მართალი, რადგან სახელმწიფოს თუ ის სახელმწიფოა კანონი არ აძლევს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ასეთი შეზღუდვის უფლებას. ამ საკითხს მომავალშიც დავუბრუნდები მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე!
ახლა კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხსაც მსურს შევეხო, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევის რეალურ პერსპექტივებს ეხება.
ევროკომისარ ბატონ ვარჰეის ვიზიტისას გაჟღერდა, რომ ვროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელში უახლოეს წლებში €2.3 მლრდ-ის ინვესტირება იგეგმება!
ენერგეტიკაში როგორც ტრადიციულ ენერგორესურსებში (ჰესები, თბოელექტოსადგურები), ასევე ალტერნატიულ ენერგიის წყაროებში (ქარის, მზის სადგურები) ჯამში სულ მინიმუმ სამი-ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა არის მოსალოდნელი.
გარდა ამისა, ლოჯისტიკური მიმართულებით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 400-500 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება!
ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება!
ეს მხოლოდ ნაწილია იმ საპროექტო წინადადებებისა, რომლებიც ქვეყანაში საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს, ევროკავშირის აქტიური ჩართულობით!
აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა უცხოური ინვესტიცია განხორციელდება, რაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს! რაც მთავარია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდება, ხოლო ინვესტიციების საერთო მოცულობაში რუსული ინვესტიციების წილი 2%-ს არ აღემატება. ეს ოპონენტთა იმ ნაწილის გასაგონად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, საინვესტიციო ფონზე დღესაც რომ აქვთ აქცენტები გადატანილი, რეალურად კი ძირითადი სახელმწიფო აქტივები რუსულ და პირველ რიგში ენერგეტიკულ კომპანიებს რომ გადაულოცეს!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.