23 აგვისტოდან უკრაინის „X-ფაქტორის“ ჟიურის წევრებში მაყურებელი ნინო ქათამაძეს იხილავს
უკრაინაში არსებული კონფლიქტური ვითარების მიუხედავად, 23 აგვისტოდან მუსიკალური შოუ „X ფაქტორი 5„ იწყება, რომლის ხილვა მსურველებს ტელეარხ „СТБ„-სა და შოუს ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ. ალბათ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესოა, რომ შოუს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჟიურის შემადგენლობაში რუსი ირინა დუბცოვა ქართველმა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ ჩაანაცვლა. ეს ჟიურის შემადგენლობაში განხორციელებული ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა, პროექტი ჟიურის უცვლელმა წევრმა სერიოგამ დატოვა, მის ნაცვლად ჟიურის შემადგენლობაში ივან დორნი მოხვდა. ჟიურის შემადგენლობა ამჟამად ასეთია: იგორ კონდრატიუკი, სერგეი სოსედოვი, ივან დორნი და ნინო ქათამაძე.
უკრაინული „X ფაქტორის“ ოფიციალური საიტზე – xfactor.stb.ua მოყვანილია ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან, სადაც ის ამბობს:
„უკრაინის შესახებ პირველი შთაბეჭდილება იყო – მხოლოდ სიყვარული, სიყვარული, სიყვარული ყველასი და ყველგან. მეორე რიგში, მე დავთანხმდი იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესოა, რით სუნთქავს უკრაინა, როგორი ნიჭიერია აქ ხალხი, რა ხდება მათ შინაგან სამყაროში… მსაჯობის გამოცდილება შესაძლებლობას მომცემს ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხეებით დავინახო. აქ ძალიან ბევრი რამ ახალია ჩემთვის. კოლექტივის ურთიერთობა მაოცებს, ყველაფერი იმდენად პროფესიონალურია და იმდენად გახსნილი, რომ სასიამოვნოა მუშაობა“.
ქათამაძემ ინტერვიუში ასევე დაამატა, რომ შოუს იმ მონაწილეებს დააფასებს, რომლებიც ოცნების მიღწევისთვის ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზად არიან. თვითონ მომღერალმაც ხომ მუსიკას ბევრი რამ შესწირა, – ნათქვამია სტატიაში.
„პირადად მე მუსიკას ყველაფერი ვაჩუქე – პირადი ცხოვრება, ურთიერთობა ჩემ შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გასცე”, – მოჰყავს xfactor.stb.ua-ს ნინო ქათამაძის სიტყვები.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Y9UN_KACIQg” width=”560″ height=”315″]
მომზადებულია – xfactor.stb.ua -ს მასალების მიხედვით