ევროპის სამი წამყვანი მუზეუმი უკრაინულ მხატვრობას ეთმობა, ანუ ბინდსა და წყვდიადს მუდამ ნათელი ჯაბნის

ბაზელის, ჟენევისა და მადრიდის ცნობილი მუზეუმები მომავალი ოთხი თვის განმავლობაში უმასპინძლებენ უკრაინული ეროვნული მუზეუმებიდან ომს გამორიდებული სურათების გამოფენებს. ბაზელის კუნსტმუზეუმმა, ჟენევის Musee Rath-მა და მადრიდის ტისენ-ბორნემისზას ეროვნულმა მუზეუმმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს უკრაინის მუზეუმებს.
როგორც კი გაჩნდა მათი ფონდების განადგურების საშიშროება, მათ უმალ შესთავაზეს და დაიწყეს გზების გამონახვა, რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადმოეტანათ იგი უკრაინის საზღვრამდე, რადგან დიდი იყო დაშვება, რომ გზად კიევიდან საზღვრამდე ის დაბომბვას შესწიროდა.
საბედნიეროდ, ფონდებმა უსაფრთხოდ მიაღწია საზღვრამდე და მერე გადაინაცვლა შვეიცარიასა და ესპანეთში. აღნიშნულმა მუზეუმებმა მათ მისცეს დროებითი თავშესაფარი და უკრაინაში ომის დასრულებამდე იქ დაიდებენ ბინას. მანამდე მათ უკრაინას სთხოვეს და მათგან მიიღეს ამ ნამუშევრების გამოფენის უფლება.
„დაბადებული უკრაინაში” – ასე ჰქვია ბაზელის კუნსტმუზეუმში გამართულ ექსპოზიციას, რომელიც 31 მხატვრის 49 ნამუშევარს აერთიანებს. მნახველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს და აღფრთოვანდეს კლიმენტ რედკოს, ილია რეპინის, მიკოლა კუზნეცოვის, არქიფ კუინჯის, ზინაიდა სერებრიაკოვას, ლევ ლაგორიოს, ოლექსანდრ ჰაუშის, ვიქტორ პალმოვისა და სხვათა შედევრებით, რაც მანამდე იშვიათად გასულა საზღვრებს მიღმა.
ჟენევის “Musee Rath”-ის ექსპოზიციას მისმა ორგანიზატორებმა „ბინდიდან განთიადამდე” დაარქვეს და ღამის თემაზე შექმნილ სურათებს მოიცავს. ივან აივაზოვსკის, ილია რეპინის, არქიფ კუინჯის, პავლო სვედომსკის, ვიქტორ პალმოვის, ვილჰელმ კოტარბინსკის, იული კლევერის ნამუშევრები, ოსტატური შესრულებით, მნახველს უდიდეს სიამოვნებას განაცდევინებს  და, ამასთან, სიმბოლურ დატვირთვასაც იძენს, რადგან ბინდსა და წყვდიადს მუდამ ნათელი მოსდევს.
მადრიდის ტისენ-ბორნემისზას ეროვნულმა მუზეუმმა „მოდერნიზმი უკრაინაში – 1900-1930“ განათავსა თავის საგამოფენო დარბაზებში.
აქ თავმოყრილი ოლექსანდრ ბოგომოზოვის, ვიქტორ პალმოვის, მიხაილო ბოიჩუკის, ვადიმ მელერის, ელ ლისიცკის, ვლადიმირ ბარანოვის, ალექსანდრა ექსტერის, ვოლოდიმერ და დავიდ ბურლიუკის სურათები მნახველს წარმოდგენას უქმნის, თუ როგორი ძლიერი არტისტული ნაკადი შემოვიდა იმხანად, აღნიშნული ავტორების სახით, უკრაინულ სახვით ხელოვნებაში.
ომმა უკრაინის ეროვნული მუზეუმის ფონდებს უკვალოდ გაქრობის საშიშროება შეუქმნა, საბედნიეროდ, ევროპული ფონდებისა და მუზეუმების დახმარებით, ისინი გადარჩნენ და ალბათ შორს არ არის დრო, როცა კვლავ დაუბრუნდებიან ომგამოვლილ კიევს და იამბობენ უკრაინის ჭეშმარიტი მეგობრებისა და გულშემატკივრების ისტორიას, რომელიც 2022 წელს დაიწერა და მის ეროვნულ მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები