პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებებს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმი მიაწოდეს, რითაც მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დაახლოებით 20 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები