ირაკლი ქადაგიშვილი: ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“ ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს, ამ სიტყვების თამაშით კიდევ ბევრს დაარღვევინებენ კანონს
,,ტერმინი – „მშვიდობიანი რევოლუცია“ ლევან ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს, რომ ახალი ტალღა რამენაირად ამ წლის ბოლომდე ააგორონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიტყვების თამაშით კიდევ ბევრს დაარღვევინებენ კანონს და ბევრს გაწირავენ.
„ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“ ლევან ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს, იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს. ჯერ ხომ ხალხი გააბრუეს კოალიციური მთავრობით და დღეს ვხედავთ, როგორ კორტნიან ერთმანეთს ამ კოალიციური მთავრობის შემადგენელი პარტიები. როგორც კი ეს დავალება მოიხსნა, კოალიციის შინაარსიც გაქრა და არავის აღარ ახსოვს კოალიციური მთავრობა, რადგან ამათგან არანაირი რეალური კოალიციური მთავრობა არ გაკეთდება. მათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ. ესენი სიტუაციურად მართვადი პოლიტიკური ანტურაჟის მატარებელი ძალები არიან. ახლა ეს „მშვიდობიანი რევოლუციაც“ გარედან შესთავაზეს, რომ ახალი ტალღა ამ წლის ბოლომდე იქნებ რამენაირად ააგორონ და ამის განხორციელების ბოლო მცდელობა ჰქონდეთ.
კიდევ ერთხელ ყველას გავაფრთხილებ, რომ ამ სიტყვების თამაშით როგორც მიიყვანეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი და დღეს სამართალში არიან მიცემულნი, კიდევ ბევრს შეაცდენენ, დაარღვევინებენ კანონს და კიდევ ბევრს გაწირავენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათაც და მათ მსმენელებსაც, დაფიქრდნენ. ამ სიტყვების თამაშით თქვენს შვილებს და ახალგაზრდებს საციხედ ერეკებიან. ერეკებიან რევოლუციისთვის ხორცის საკეპ მასალაში. იცოდნენ ისიც, რომ კანონს თუ დაარღვევენ, კანონი ამ სიტყვების მთქმელებამდეც მივა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.