„ბიუჯეტის  მატების ყოველი თითო ლარიდან სულ ცოტა 70 თეთრი  უშუალოდ სოციალური   დანიშნულებით   მიემართება“ – სოსო არჩვაძე 2023 წლის  ბიუჯეტის პროექტს  აფასებს

ეკონომისტ სოსო არჩვაძის შეფასებით,  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი  თავისი სიდიდით უპრეცედენტო,   რეკორდულად დიდი მოცულობისაა. ამის შესახებ არჩვაძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში  სტუმრობისას განაცხადა.

სოსო არჩვაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა.

იმის თქმით,  რომ ეს ბიუჯეტი თავისი სიდიდით უპრეცედენტოა, რეკორდულად დიდი მოცულობისაა, შეიძლება,   მთავარი სათქმელი ითქვას, მაგრამ ბევრი რამ კიდევ დასამატებელი დაგვრჩეს. ამიტომ,   მე შევეცდები,  იმ ცალკეულ ასპექტებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიც  აღნიშნული ბიუჯეტის სტრუქტურიდან, მისი დინამიკიდან  გამოსჭვივის  და, გარკვეულწილად,  შორსმიმავალ პერსპექტივაზე გარკვეული წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა. მხედველობაშია მისაღები ის, რომ თავად ბიუჯეტის სიდიდე, სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება თუ ნაერთი ბიუჯეტი, ეკონომიკას ეფუძნება.  ანუ, მარტივად რომ ვთქვათ,   ჩვენ შეგვიძლია,   მხოლოდ ის რესურსი, დოვლათი  გავანაწილოთ,  რომელსაც ვქმნით.    მართალია,  გარკვეულ პერიოდში ამა თუ იმ ზომით,  სახელმწიფო  ქვეყნის  ფარგლებს გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით გარკვეულ ვალს იღებს,  მაგრამ იმ ვალსაც გასტუმრება უნდა, თანაც გაცილებით დიდი მოცულობით, თავის პროცენტიანად. ამიტომ, როდესაც ეკონომიკა ვითარდება,  ეს შესაძლებლობას ქმნის, რომ საკუთარი რესურსებით წინსვლა მოვახდინოთ, ბიუჯეტიც უფრო დინამიკურად განვითარდეს,   ამის საფუძველზე  საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური  თუ სხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხერხდეს. თუ რა მასშტაბები მიიღო ეკონომიკამ,  ამაზე  ის ინფორმაციაც  მოწმობს, რომ 2021- ისა და 2022- ის განვლილ პერიოდში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ასეთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო 25 წლის მანძილზე არ გვქონია. მხედველობაში მიიღება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი   ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.  ბოლოს ეს  იყო 1996-1997 წლებში, მაგრამ მაშინდელ მასშტაბებთან ახლანდელი მასშტაბების შედარება უბრალოდ უხერხულიც კია. თუმცა, ერთ რიცხვს მაინც დაგისახელებთ:  მაშინდელი ორი წლის ჯამური მთლიანი ეროვნული პროდუქტის სიდიდე დაახლოებით იმდენივეა, რამდენითაც 2022 წელს მოსალოდნელია, რომ  ქვეყნის ეროვნული პროდუქტი 2020 წელთან შედარებით გაიზარდოს, ანუ ახლა მხოლოდ მატების მოცულობაა იმდენივე, რამდენიც მეოცე საუკუნის მიწურულში 2 წლის ჯამური მთლიანი ეროვნული პროდუქტი  იყო. შესაბამისად,  თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება რესურსი, რომ  მისი გადანაწილება ბიუჯეტის მეშვეობით მოხდეს და საზოგადოების წევრთა მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. რით არის აღსანიშნავი ამჟამინდელი ბიუჯეტი:  პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას,   რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ეს საბიუჯეტო გეგმაშია ნაჩვენები,  იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე გადასახადები. გადასახადების გადამხდელისთვის,  ეს ფიზიკური პირი იქნება  თუ იურიდიული, ჯამურად ეს დაახლოებით 320 მილიონი ლარის ოდენობის ეკონომიას იძლევა. ამასთან,  ქვეყნის ექსპორტი კიდევ უფრო სწრაფად  იზრდება.  ჩვენ საექსპორტოდ ორიენტირებული სახელმწიფო ვართ, ექსპორტის სიდიდე მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდასთან ერთად თითქმის ორჯერ სწრაფად იზრდება.

თქმა  იმისა, რომელია  პრიორიტეტი  ჩვენს საბიუჯეტო ხარჯებში,   საკმაოდ რიტორიკულია იმიტომ, რომ უფრო იოლია  თქმა, რომელი არ არის პრიორიტეტული.   მზარდი  შესაძლებლობა ბიუჯეტს  საშუალებას აძლევს,   ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტი,  რეგიონები, უწყებები  საკმაოდ სოლიდურად იქნეს დაფინანსებული და  ამის საფუძველზე   ეკონომიკის კიდევ უფრო დინამიკური და მდგრადი  განვითარება მოხდეს. აქ უნდა ვიგულისხმოთ    სოფლის მეურნეობა,   ტურიზმი,   ხარისხიანი ჯანდაცვა,   სოციალური უზრუნველყოფა,  ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებისთვის გაღებული ხარჯები,   თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი,   საინვესტიციო კლიმატი, ყველა ის მიმართულება და  ასპექტი, რომელიც ქვეყნის შედარებით აჩქარებულ განვითარებას ემსახურება.  გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები შესაძლებლობას იძლევა,  რომ მთელი რიგი  უწყებები უფრო სოლიდურად  დაფინანსდეს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით,  საქართველო  სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა. 

„კიდევ ერთი ასპექტი, რაც ყურადღებას იქცევს,   ისაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ კონსტიტუციურად და    ინსტიტუციურად  სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ვართ, არამედ   ეს   ჩვენი საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურასა და დინამიკაში პრაქტიკულად აისახება. ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტის  მატების ყოველი თითო ლარიდან სულ ცოტა 70 თეთრი  უშუალოდ სოციალური   დანიშნულების მიხედვით მიემართება.  2012,  წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო  წელი და 2023 წლის ბიუჯეტი რომ ავიღოთ:  მაშინ ძალოვანი სტრუქტურების დასაფინანსებლად გამოყოფილ ყოველ  100 ლარზე სოციალური ბლოკის სამინისტროებისთვის ხარჯები 185 ლარს შეადგენდა,  2023 წლის ბიუჯეტში ეს თანაფარდობა ორჯერაა გაზრდილი და  376 ლარს აღწევს.  პროგრესი ცალსახაა და ეს ტენდენცია კვლავაც შენარჩუნებული იქნება. რის ხარჯზე ხდება  ეს  ეკონომიკური ზრდა, საპროგნოზო მაჩვენებლების რამდენჯერმე,  გაზრდის მიმართულებით გადასინჯვა:  აქ, პირველ ყოვლისა, ის ეკონომიკური და არა  მარტო ეკონომიკური  პოლიტიკა უნდა აღინიშნოს,   რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას, მდგრადობას,  სამართლიანობას, ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას   უზრუნველყოფს. ეს საქართველოს ეკონომიკას, მის სატრანზიტო ფუნქციას ბევრი ქვეყნის ინვესტორისთვის მისაღებს და საინტერესოს ხდის. იმის გათვალისწინებით,  რომ   საქართველო  თავის ფუნქციებს ასრულებს  და ტვირთის უსაფრთხო,  სწრაფ გადაადგილებასთან დაკავშირებით მყარ გარანტიებს იძლევა,  ბევრი კომპანია, სახელმწიფო  საქართველოს ტერიტორიაზე   გავლით  ინტერესდება,  განსაკუთრებით  რუსეთ- უკრაინის ომის ფონზე, მიიჩნევენ,  რომ საქართველოს საკმაოდ სტაბილური ქვეყანაა.

წარმატებებია რეალურ სექტორშიც:  ჩვენ   რეალური ზრდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით  გვაქვს.  სახელმწიფოს მიერ  მობილიზებული დამატებითი   სახსრები იმას ემსახურება, რომ  ქვეყნის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, რეგიონები განვითარებული იქნება. შეიძლება,  ცალსახად ითქვას,   რომ საქართველო სეგმენტური  განვითარების მოდელიდან უკვე   სისტემური განვითარების მოდელზე გადავიდა.  ამას უახლოეს საშუალოვადიან პერსპექტივაში ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს.

„არანაკლებ საგულისხმო და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ, საბოლოოდ, ვფიქრობ,   ინფლაციის პიკური მაჩვენებელი  დავძლიეთ.  ქვეყნის შიდა ფაქტორების,   ასევე, გარე პოზიტიური ტენდენციების  შენარჩუნების შემთხვევაში,  გაისად საკმაოდ მოკრძალებული ინფლაცია გვექნება. პერიოდის ბოლოსთვის    3,5 %-ის დონეზეა ნავარაუდევი, ხოლო საშუალო პერიოდის მიხედვით,  ეს  არაუმეტეს 4, 7 %-ისა იქნება. რა  გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, გარანტიას:  საქმე ისაა, რომ საქართველო  ბევრი პროდუქტის მიხედვით იმპორტდამოკიდებულია,  მათ შორის, ენერგომატარებლები აღინიშნება.  პირველი 10 თვის მანძილზე  ჩვენ ენერგომატარებლების მოცულობაში  დაახლოებით 500 მილიონი დოლარით მეტი  გადავიხადეთ იმასთან შედარებით,  რაც ის ეღირებოდა, წინა წლის ფასები რომ  შენარჩუნებულიყო. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და სხვა ენერგორესურსების  ფასების შემცირება შეინიშნება, ამის საფუძველზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, იმავე რაოდენობის  ენერგორესურსების შესაძენად  დამატებითი 500 მილიონი დოლარი  აღარ გადაიხადოს  ეს,  რა თქმა უნდა,    ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.  პროდუქციის თვითღირებულების,    მისი მიწოდების,   რიგის სხვა ასპექტების   მიხედვით საფუძველი იქნება ,  ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს.  როდესაც ასეთი პოზიტიური ტენდენციები ვითარდება: ვიმეორებ,  ეკონომიკის საკმაოდ მაღალი ზრდა, ეროვნულ პროდუქტთან შედარებით  ექსპორტის წინმსწრები ზრდა,    საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს გვაძლევს  იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიან ეროვნულ პროდუქტთან   ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის თანაფარდობა შემცირდება.   ყველაზე კრიზისულ, პანდემიით  გამოწვეულ  ვითარებასთან დაკავშირებით  აღნიშნული მაჩვენებელი  60 %-ს გადასცდა, შემდგომ  თანდათანობით იკლებს, მომავალი წლისთვის კი უკვე გათვალისწინებულია,  რომ ის 40 %-იან ნიშნულს საგრძნობლად ჩამოცდება. შესაბამისად,   თუ საგადასახადო ტვირთი მცირდება,  მისი მომსახურების ხარჯებიც მცირდება   და სახელმწიფოს თავის მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა მიმართულებით,        უფრო მეტი რესურსის წარმართვა შეუძლია“, – განაცხადა არჩვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები