თორნიკე ჭეიშვილი „მეგობარი აქტის“ შეჩერებაზე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აგენტურამ თუ „დიფ სთეითის“ წვრილფეხობამ ნამდვილად ცივი შხაპი მიიღეს
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აგენტურამ თუ „დიფ სთეითის“ წვრილფეხობამ ნამდვილად ცივი შხაპი მიიღო იმ განცხადებების ფონზე, რომელიც გაკეთდა შეერთებული შტატების სენატში,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ე.წ. მეგობარი აქტის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის კარგად ცნობილი, მათ შორის, კონგრესმენი ჯო უილსონი არის დაფინანსების მიმღები. ამ ყველაფრის მიღმა დგას კონკრეტული ინვოისები და კონკრეტული ანგარიშფაქტურები“.
„რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო პროცესთან გვაქვს საქმე. კერძოდ, თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო ორი დღის მოვლენებს, დავინახავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აგენტურამ თუ „დიფ სთეითის“ წვრილფეხობამ ნამდვილად ცივი შხაპი მიიღო იმ განცხადებების ფონზე, რომელიც გაკეთდა შეერთებული შტატების სენატში. თქვენ ახსენეთ კონკრეტული სენატორები, სამივე მათგანი არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქმნის, შეიძლება ითქვას, ამინდს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე ზოგადად სახელისუფლებო წრეებში შეერთებული შტატებისა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მათი შესაბამისი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საკუთრივ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მეორეს მხრივ, ე.წ. მეგობარი აქტის შეჩერებით დავინახეთ, რომ კონკრეტული ავტორების მოტივაცია იყო შესაბამისი ანაზღაურება. ამერიკული „ფარას“ მოქმედების პირობებში, როდესაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მომდევნო ანგარიში ლობისტურ საქმიანობასთან მიმართებით, ვნახეთ რომ ყველასთვის კარგად ცნობილი, მათ შორის, კონგრესმენი ჯო უილსონი არის დაფინანსების მიმღები. ჯო უილსონი არის ე.წ. მეგობარი აქტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, ავტორი, ინიციატორი და ა.შ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იმ ქმედებებში, რომელსაც ის ახორციელებს, იქნება ეს კონკრეტული სამართლებრივი აქტების, პროექტების ინიციირება, ასევე ყბადაღებული თემაა „ტვიტები“ თუ პოსტები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ამ ყველაფრის მიღმა დგას კონკრეტული ინვოისები და კონკრეტული ანგარიშფაქტურები“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია, მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია. მათგან ერთ-ერთი, ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია.