ლუკაშენკოს და დაახლოებით 270 ადამიანს ესტონეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა
ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი გახდა და ქვეყანაში რეჟიმის ძირითადი წევრების შესვლის აკრძალვა კვლავ გახანგრძლივდა.
ინიციატივა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ წამოაყენა. მან აღნიშნა, რომ ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უცვლელი რჩება.
„სანქციების შემოღებიდან თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, ბელარუსში არანაირი დადებითი ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ მიმდინარე რეპრესიებზე, ამიტომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით უნდა დარჩეს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მინისტრის ბრძანების თანახმად, სანქციების ქვეშ მყოფ პირთა სიაში შედის 273 ადამიანი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები, უსაფრთხოების წარმომადგენლები, პროპაგანდისტები და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირები. მათ შორის, თავად ლუკაშენკო, რომელსაც არც ესტონეთი და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნები სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად არ მიიჩნევენ.
ცნობისთვის, სანქციები პირველად ესტონეთმა 2020 წელს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე შემოიღო.