უკრაინაში ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო აქციები გრძელდება

უკრაინაში მეორე დღეა, ახალი კანონის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც ხალხის აზრით შესაძლოა, კორუფციასთან ბრძოლას და ქვეყნის მომავალს ძირს უთხრიდეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთთან კავშირების ეჭვის საფუძველზე, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU), ორი თანამშრომელი დააკავა და სხვადასხვა ბრალდებებით NABU-ს თანამშრომლები გაჩხრიკა, რამაც საზოგადოებრივი არეულობა გამოიწვია.

ათასობით უკრაინელი კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა, რათა მოეთხოვათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვეტოს დადება ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონზე, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ამკაცრებს კონტროლს ქვეყნის ორ მთავარ ანტიკორუფციულ ორგანოზე – NABU-სა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე (SAPO), რამაც შეიძლება, შეამციროს მათი დამოუკიდებლობა და გაზარდოს პოლიტიკური გავლენა გამოძიებებზე.

საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ საზოგადო მოღვაწეები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ყოფილი სამხედრო ტყვეები.

საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, ზელენსკიმ კანონს სამშაბათს მოაწერა ხელი.

როგორც მედია იუწყება, კორუფციასთან ბრძოლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან ომში დასავლეთისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები