ზელენსკის თქმით, დაამტკიცა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ახალი კანონპროექტის ტექსტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობა, გააძლიეროს ანტიკორუფციული სისტემა და დაიცვას იგი რუსული გავლენისგან,- ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე ახლახან დავამტკიცე კანონპროექტის ტექსტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში სამართლებრივი წესრიგის სისტემის რეალურ გაძლიერებას, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას, ასევე სამართლებრივი წესრიგის სისტემის საიმედო დაცვას ნებისმიერი რუსული გავლენისა და ჩარევისგან“, – განმარტა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ტექსტი დაბალანსებულია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალური ინსტრუმენტები, რუსული კავშირების არარსებობა და NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობა. კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარედგინება.
მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ ყველა უკრაინელის პოზიციას და მადლიერები ვიყოთ ყველასი, ვინც უკრაინასთანაა“, – აღნიშნა უკრაინის მეთაურმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლეს რადაში საკუთარ კანონპროექტს წარადგენდა.