ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის ოფიციალური ნომინანტი გახდა

ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის – „EMYA – ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანი იქნება სამუზეუმო სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარების მიმართულებით.

„აღსანიშნავი სიახლე გვაქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში. გარდა იმისა, რომ ახლახან მათ BP-ს მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვეს სერვისების განვითარებისთვის, ამჯერად, ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გახდა ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის – „EMYA – ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი.
ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს, სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას სამუზეუმო სივრცეში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ დედაქალაქში ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუზეუმების განახლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„მუზეუმების განახლებას და რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოვლილი, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები