ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების დაზღვევის შესაძლებლობას განიხილავენ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, ყველა იმ რუსი ტურისტის დაზღვევის სისტემის შემუშავებაზე ფიქრობს, რომელიც ე.წ. რესპუბლიკას ინდივიდუალურ თუ ტურის ფარგლებში სტუმრობს.
ამის შესახებ ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.
„ტურიზმის დაზღვევის სისტემის შემუშავება რთული პროცესია. მე ვხელმძღვანელობ აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებულ კომისიას, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ორგანიზებული ტურისტები, რომლებიც ისვენებენ ორგანიზებულ საცხოვრებლებში, წინასწარ არიან დაზღვეულნი, რადგან ეს საგზურში შედის. საუბარია ყველა ტურისტზე, რომელიც კვეთს რესპუბლიკის საზღვარს და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ხიშბამ.
მან აღნიშნა, რომ “ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს საზღვრის გადაკვეთის პროცესის გართულება, მაგრამ ამავდროულად რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ფიქრობენ, როგორ უზრუნველყონ სტუმრების უსაფრთხოება და დაზღვევა”.
დე ფაქტო მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2021 წელს ე.წ. რესპუბლიკამ ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო – 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი.