“ან ბორბალი სხვის წრეში ბრუნვას გააგრძელებს, ან საზოგადოებები საკუთარი მოძრაობის ღერძის გადასახედად ძალას იპოვიან” – ლევან მეტონიძე ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ მოდელს აფასებს

“აფხაზეთის რეგიონში კვლავ მწიფდება პროტესტი – ეს უკვე ისტორიული რიტმის მსგავსად მეორდება. იზრდება დაძაბულობა, ძლიერდება გაღიზიანება, საზოგადოება კონსოლიდირდება, ისმის ბრალდებები და ჩნდება ცვლილების იმედი. ფიგურის შეცვლა თითქმის გარდაუვალია”,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „Logos Caucasicus“-ის დამფუძნებელი, ლევან მეტონიძე წერს.

მისი შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური სისტემა „გარეთ დამაგრებული ღერძის“ გარშემო ბრუნავს და ამ ღერძს მოსკოვი წარმოადგენს.

“ბორბალი ტრიალებს, მოვლენები და სახეები იცვლება, ლოზუნგები კორექტირდება, მაგრამ ტრაექტორია ძველ წრეს არ სცდება, რადგან მოძრაობის მიმართულებას მხოლოდ შიდა ნება კი არა, გარე დამოკიდებულების ცენტრი განსაზღვრავს. ადამიანები გამოდიან ქუჩაში, მოითხოვენ სამართლიანობას, იცავენ ღირსებას. თუმცა სიღრმეში ყალიბდება დაღლა – არა გულგრილობა, არამედ განმეორებისგან გამოწვეული აპათია. ჩნდება განცდა, რომ ძალისხმევა ჩარჩოს არ ამსხვრევს, არამედ მის შიგნით ბრუნვას აჩქარებს”,- წერს მეტონიძე.

მისი განმარტებით, ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური იდენტობა და აფხაზური საზოგადოება საკუთარ თავს სუბიექტად აღიქვამს.

ავტორი გამოსავლად სუვერენიტეტის ცნების გადახედვას ასახელებს და აცხადებს, რომ თანამედროვე პირობებში სუვერენიტეტი შეიძლება ეფუძნებოდეს თანასწორი მონაწილეობის პრინციპს და ერთობლივ სახელმწიფოებრივ მოდელს.

“ისტორია ავტომატურად შერიგებისკენ არ მიიწევს. ის მოძრაობს იქით, სადაც საზოგადოებების წარმოსახვა მიუთითებს. თუ წარმოსახვა შიშითა და ძველი დაყოფით არის შეზღუდული, მოძრაობა წრიული იქნება. თუ გაჩნდება პოლიტიკური გამბედაობა, საერთო სუვერენული სივრცე თანასწორობის სივრცედ წარმოადგინონ, მაშინ ბრუნვა, შეიძლება, მისაღებ მოძრაობად გარდაიქმნას. ან ბორბალი გააგრძელებს ბრუნვას სხვის წრეში, ან საზოგადოებები საკუთარი მოძრაობის ღერძის გადასახედად ძალას იპოვიან”,- წერს მეტონიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები