პუტინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას თავისი ეროვნული ინტერესებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ყველა საშუალებას გამოიყენებს.
„ჩვენ განვაგრძობთ იმას, რაც გვაქვს. ჩვენი მხრიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი – თანმიმდევრული ბრძოლა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და არავის არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს… პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას გავამახვილებთ მშვიდობიან საშუალებებზე, მაგრამ თუ სხვა გზა არ დარჩება, მაშინ თავს ყველა შესაძლო საშუალებით დავიცავთ“, – განაცხადა პუტინმა კრემლში.
მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული 300 000 კაციდან 150 000 ამჟამად უკრაინაშია,
„მათ შორის მხოლოდ 77 000 არის საბრძოლო ნაწილებში, დანარჩენი კი ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ან დამატებით წვრთნას გადიან“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად დამატებით მობილიზაციას „აზრი არ აქვს“. მანვე დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტროსგან ამის საჭიროება არ არსებობს.
პუტინმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინაში რუსული ჯარების ტექნიკის დეფიციტის საკითხს მოაგვარებს.