გივი მიქანაძე: მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის გასაგებად იყოს გაწერილი კანონში, თუ რა პროცედურების გავლა უწევს მას ელექტრონული აპარატურის მეშვეობით არჩევნებზე ხმის მიცემისას
“როდესაც პირველი მოსმენის ფორმატში შევცვალეთ კანონმდებლობა და მივეცით საოლქო საარჩევნო კომისიებს საშუალება, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აერჩიათ, ამის თაობაზე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა გარკვეული სკეპტიციზმი გამოხატეს. მინდა გითხრათ, რომ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მხრიდან მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის გასაგებად იყოს გაწერილი კანონში, თუ რა პროცედურების გავლა უწევს მას ელექტრონული აპარატურის მეშვეობით არჩევნებზე ხმის მიცემისას.
„ჩვენ საარჩევნო კოდექსს დავამატეთ ახალი თავი – მერვე პრიმა თავი, რომელიც ამ საკითხებს ასახავს, ჩვენ პირველივე მოსმენის დროს განვაცხადეთ, რომ ეს იყო ძირითადი პრინციპების დონეზე ასახული. თუმცა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ეს საკითხები უფრო მეტ კონკრეტიკაში გადავიდეს, პროცედურულად გაიწეროს და ისე იკითხებოდეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის არსებითად გასაგები იყოს, თუ რა პროცედურების გავლა უწევს მას და როგორ უნდა განხორციელდეს პროცედურები, რომლებიც ელექტრონული აპარატურის მეშვეობით არჩევნებზე ხმის მიცემას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: როდესაც პირველი მოსმენის ფორმატში შევცვალეთ კანონმდებლობა და მივეცით საოლქო საარჩევნო კომისიებს მივეცით საშუალება, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აერჩიათ, ამის თაობაზე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა გარკვეული სკეპტიციზმი გამოხატეს. მინდა გითხრათ, რომ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს“, – განაცხადა მიქანაძემ.