ჯაკომო პუჩინის “ბოჰემას” პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში

16, 17, 18, 23, 24, 25 დეკემბერს – ჯაკომო პუჩინის ყველაზე ახალგაზრდული ოპერა “ბოჰემა” ახალი თაობის მომღერლების შესრულებით პარიზის ლათინური კვარტლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გადმოინაცვლებს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახურის ცნობით, გრძელდება ახალ თაობაზე ორიენტირებული უმნიშვნელოვანესი პროექტი – „ახალგაზრდული საერთაშორისო პროგრამა“ / YOUNG ARTIST INTERNATIONAL PROGRAMME, რომელიც ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნების, განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით ხორციელდება.

“სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში თბილისის ოპერის თეატრში შესრულდება მონტე კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია – ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემა“. მოსმენის შედეგად შეირჩა 20-მდე ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მომღერალი, რომლებმაც ვოკალურ და სასცენო ხელოვნებაში მასტერკლასები გაიარეს თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბადრი მაისურაძესთან.

სპექტაკლზე მუშაობენ თეატრის ახალგაზრდა დირიჟორები კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი. საპრემიერო სპექტაკლის დირიჟორია – კატანიის ვინჩენცო ბელინის სახელობის „TEATRO MASSIMO“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი – ფაბრიციო მარია კარმინატი; შემოქმედებით ჯგუფთან ინტენსიურად მუშაობს კარმინატის ასისტენტი, იტალიელი მაესტრო სირიო სკაკეტი. “ბოჰემას” რეჟისორია – ორანჟის ფესტივალისა და მონტე კარლოს თეატრის ხელმძღვანელი – ჟან ლუი გრინდა.

“ბოჰემას” ლიბრეტო დაფუძნებულია ფრანგი მწერლის ანრი მიურჟეს რომანზე “სცენები ბოჰემის ცხოვრებიდან”. ამ ნაწარმოებში ასახულია ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ახალგაზრდა არტისტების – პოეტების, მხატვრების, მუსიკოსების ცხოვრება, რომლებიც პარიზის ლათინურ კვარტალში ცხოვრობენ. მიურჟეს რომანის მიხედვით ლ. ილიკამ და ჯ.ჯაკოზამ დაწერეს ლიბრეტო. პუჩინი იმდენად იყო გატაცებული მუშაობის პროცესით, რომ ოპერა 8 თვეში შექმნა.

“ბოჰემას” პრემიერა ტურინში 1896 წლის 1 თებერვალს შედგა. სპექტაკლს 28 წლის არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. მაყურებელი საკმაოდ ცივად შეხვდა წარმოდგენას, რამაც დაანაღვლიანა კომპოზიტორი. თუმცა უკვე ერთ წელიწადში პალერმოში “ბოჰემას” დიდი წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი აღტაცებული იყო როგორც მუსიკით, ისე სიუჟეტით. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე პუჩინის “ბოჰემა” მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 2 წელიწადში, 1898 წლის 25 ნოემბერს დაიდგა და იმთავითვე დაიმკვიდრა ადგილი რეპერტუარში.

შემთხვევითი არაა, რომ “ბოჰემა” კრიტიკოსების მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოპერად. თუ თქვენ მზად ხართ გაიგოთ რა არის ნამდვილი ბოჰემა და გაითავისოთ მხატვრების ცხოვრება, მაშინ გირჩევთ რომ ერთხელ მაინც ნახოთ ეს ულამაზესი ოპერა, შეიგრძნოთ გმირების განცდები, გაისეირნოთ პარიზის ლათინური კვარტალის ვიწრო ქუჩებში და ეწვიოთ ცნობილ კაფეს “მომიუ”. ასე რომ გელოდებით 16,17,18, 23,24,25 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები