Reuters: თურქეთში ტერაქტის საფრთხეა

დასავლეთის, სულ მცირე, ორმა საელჩომ მიიღო გაფრთხილება ანკარაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი საფრთხის შესახებ, სერბეთმა კი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, ქვეყანაში მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემას დასავლეთ ევროპის სამმა საელჩომ და ერთმა მსხვილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აცნობა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ისინი პოტენციური საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.

აღნიშნულია, რომ რისკები არსებობს სავაჭრო ცენტრებში, ავტობუსების სადგურებსა და აეროპორტებში.

თურქეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ამავდროულად, სერბული Tanjug ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივიცა დაჩიჩს ციტირებს, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეებმა უახლოეს კვირებში თურქეთში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, განსაკუთრებით – ანკარაში.

„მინდა, გავაფრთხილო მოქალაქეები, რომ, უსაფრთხოების ორგანოების ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირებში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი და ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ეხება თურქეთის დედაქალაქ ანკარას“, – თქვა მან.

თუმცა, მისი თქმით, გაფრთხილება შეიძლება, ეხებოდეს თურქეთის სხვა ნაწილებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები