ინდონეზიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ჯაკარტა გლოუბი“ იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი კვირას, პაპუას პროვინციის ბიაკ ნუმფორის რაიონში მოხდა.

“ვარაუდობენ, რომ აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ბომბმა გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა.

„ჯაკარტა გლოუბის“ ცნობით, აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილის მახლობლად ექვსი სახლი დაინგრა.

წინასწარი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბომბი შესაძლოა მაშინ აფეთქდა, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები საბრძოლო მასალის გახსნას ცდილობდნენ.

პოლიციამ ასევე ახლოს აუფეთქებელი ნაღმტყორცნის ჭურვი იპოვა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები