ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ ტყის კოდექსის წარმოდგენილი ვერსია სოციალური ჭრის გაუქმების გადავადებას ითვალისწინებს.

„2026 წლის 1-ელ იანვრამდე კვლავ იმოქმედებს ის წესები, რაც საშეშე -მერქნული რესურსის დამზადებასთან მიმართებით დღეს არსებობს. კერძოდ, ბილეთის საფუძველზე მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეეძლებათ საშეშე მერქნის დამზადება ტყის ტერიტორიაზე, რაც ბარში 7 კუბური მეტრი, მაღალ მთაში 15 კუბური მეტრის ოდენობით არის კომლზე გამოყოფილი. ხოლო 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ტყის მართვის ორგანო – სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საშეშე მერქნის დამზადებას, საქმიან ეზოებში განთავსებას და  მის ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის სათბობი თუ სამასალე მიზნებისათვის”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადავადების მიზეზი ის არის, რომ სატყეო სააგენტოს დამატებით ესაჭიროება ვადა, რათა შესაბამისად მოემზადოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოაწყოს საქმიანი ეზოები, შეიძინოს ტექნიკა – აღჭურვილობა, გაძლიერდეს ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახორციელოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები. კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები აისახება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც”.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები