“ვიზების მიღების აკრძალვა ევროპული ღირებულებების გაზიარებას ვერ გვაიძულებს” – ბჟანიას თანაშემწე

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტებით ვიზების გაცემის აკრძალვა “ბინძური ხრიკია”.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ, მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.

„როგორ შეიძლება, რაციონალურად უპასუხო ევროპელი ჩინოვნიკების ამ განცხადებებსა და ქმედებებს? ეს არის მავნებლობის მცდელობა, რაღაც ბინძური ხრიკის მცდელობა, თითქოს, ევროკავშირში ჩვენი მოქალაქეების
შესვლის შეზღუდვით გვაიძულებენ რაიმე სახის ევროპული ღირებულებების გაზიარებას“, – განაცხადა მან.

ღვინჯიას თქმით, ევროკავშირი “მრავალი წელია, დაბრკოლებებს უქმნის აფხაზეთის მოქალაქეებს”, რომლებიც რუსული პასპორტით შენგენის ვიზის მიღებას ცდილობდნენ.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც საკონსულო განყოფილებების თანამშრომლები სთავაზობდნენ, მაგალითად, “ვიზისთვის საქართველოში ჩასვლას”.

„ეს, ფაქტობრივად, დარღვევაა, ხალხი ამბობდა, რომ იქ ვიზისთვის არ ჩავიდოდნენ, რადგან ეს მათ პირად უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა არგუმენტი საკონსულო დეპარტამენტების ევროპელი თანამშრომლებისთვის. არსებული გადაწყვეტილება არის იმის გაგრძელება, რაც იყო, ოღონდ უფრო რადიკალური ფორმით“, – განაცხადა ბჟანიას თანაშემწემ.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ახალ ე.წ. რეგიონებში, ასევე, ყირიმსა და მათ მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ პასპორტებზე ვიზების გაცემის აკრძალვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები