„ვგმობთ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსეთის სისასტიკეს“ – ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მტკიცედ რჩებიან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები.
ამასთან, ისინი პირობას დებენ, რომ მოკავშირეები უკრაინას, რუსეთის თავდასხმების ფონზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარებიან.
„რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
ჩვენ ვგმობთ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსეთის სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, როგორიცაა იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.