„სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ცდილობს, რუსეთის გავლენების ორბიტიდან გამოვიდეს“ – ზაალ კასრელიშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

„სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ცდილობს, რუსეთის გავლენების ორბიტიდან გამოვიდეს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ერევანში ჩატარებული, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტი შეაფასა.

„დღეს  „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტზე ვსაუბრობთ, რომელიც ერევანში გაიმართა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რაღაც დოზებით რეგიონში მიმდინარე პროცესები გადაიფარება ხოლმე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიდის, ამ პროცესებს კი სათანადო ყურადღება არ ეთმობა, ჩვენს მედიასივრცეში ძალიან ზედაპირული გაშუქება მოვისმინეთ. გეტყვით, რომ ე.წ. ОДКБ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთმა შექმნა და, შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოური სივრცის რესპუბლიკებში ის რუსეთის სპეცსამსახურების, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მექანიზმი, მართვის ბერკეტია, რომელმაც, ჩვენდა საბედნიეროდ, ვერცერთი მიმართულებით ვერ გაამართლა. მან ვერ გაამართლა ვერც შუა აზიაში მიმდინარე კონფლიქტების დროს, ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ვერც 2014 და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს. როცა ვამბობ, რომ ვერ გაამართლა, ვგულისხმობ იმას, რომ ის კონფლიქტებში ვერ ან არ ჩაერია. ე.წ. ОДКБ იმ კონფლიქტებში არ აერევა, სადაც რუსეთის ინტერესებია. ორგანიზაციამ თავისი რესურსი ამოწურა, ის თავიდანვე არასწორად, გლობალური პოლიტიკური პროცესების საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი და შეიძლება, ითქვას, წაილეკა, ვერ გაამართლა.
ერევანში სამიტი უღიმღამოდ შედგა. ერევანში იმიტომ ჩატარდა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ სომეხი ხალხის დიდი უკმაყოფილება როგორღაც გაებათილებინათ და რუსეთს დანარჩენი რესპუბლიკებისთვის ეჩვენებინა, რომ კავკასიის რეგიონში სიტუაციას ისევ ფლობს. სამიტი უღიმღამო, არაფრის მომცემი იყო, იქ არაფერი კონკრეტული არ ითქვა არამარტო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გარშემო, არამედ, ზოგადად, მიმდინარე პროცესების გარშემო. სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, სომხეთის მოსახლეობა ამ ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, სომხეთის პრემიერს ეს სათავისოდ უნდა გამოეყენებინა და მან სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაცია თავის მისიას ვერ ასრულებს, რადგან სომხეთ -რუსეთის ურთიერთობა სომხეთისთვის როგორც სახელმწიფოსთვის სასარგებლო აღარაა, მის სახელმწიფოებრიობას ვეღარ იცავს. რა თქმა უნდა, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ცდილობს, რუსეთის გავლენების ორბიტიდან გამოვიდეს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებაში ევროკავშირის და საფრანგეთის ჩართვას ცდილობს, ევროკავშირის ეგიდით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მისიას საფრანგეთს აკისრებს. ამის წინააღმდეგი რამდენიმე მიზეზის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტია: ერთი ის, რომ სომხეთის პრემიერი ამ პრობლემის ინტერნაციონალიზაციას ცდილობს, სურს, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ბევრად უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის, ევროკავშირის მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს, ეს კი აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ მოსწონს. ამასთან, საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც პარლამენტის დონზე თურქეთში სომხების გენოციდი აღიარა. ამას მაშინ თურქეთის და საფრანგეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვა. აზერბაიჯანს საფრანგეთის მიმართ ნდობა არ აქვს იმიტომ, რომ თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და მათი საერთო ინტერესები, შეიძლება, ხელყოფილი იყოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მიმართულებით ევროკავშირის აქტიურობასა და საფრანგეთის შუამავლობაში პერსპექტივას ვერ ვხედავთ. სომხეთს კიდევ ერთი შანსი აქვს: საფრანგეთში კარგი სომხური ლობი ჰყავს, მაგრამ საფრანგეთის გარდა სომხეთს კარგი ლობი აშშ-შიც ჰყავს. რა თქმა უნდა, მათი შემდგომი ნაბიჯი აშშ-დან სომხური ლობის ჩართვა იქნება, მაგრამ ამ ნაბიჯსაც უპერსპექტივოდ მივიჩნევთ. აშშ-მა და მისმა დელეგაციამ, რომელიც ერევანში იყო ჩასული, თავის პოზიცია დააფიქსირა. ეს პოზიცია იყო 1990 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრები, სადაც ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ხოლო ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე. ამის იქით აშშ არ წავა ორი მიზეზის გამო: მას ომი აქვს დასამთავრებელი, ასევე, წინ ომის შემდგომი პერიოდია“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს უნდა მოუწოდოს, რომ მოლაპარაკებები თბილისში შედგეს.

„სავსებით ბუნებრივი კითხვა ისმის: როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ სიტუაციაში? მოგახსენეთ, რომ ამ მიმართულებით ევროპელებისა და ამერიკელების ძალისხმევას შედეგი არ მოჰყვება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ – ამის შესახებ ასე საჯარო ლაპარაკი არ შეიძლება, რა პროცესები მიდის რეგიონში თავის წყალქვეშა დინებებით – ამაზე ლაპარაკიც, ვფიქრობთ, საჯაროდ არ შეიძლება და თავს ვიკავებთ. ერთადერთი, რისი თქმა და რჩევა შეგვიძლია, ის გახლავთ, რომ საქართველომ საფრანგეთი უნდა ჩაანაცვლოს. საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს უნდა მოუწოდოს, რომ მოლაპარაკებები თბილისში შედგეს და თავად იყოს შუამავალი. ევროკავშირს და აშშ-ს უნდა სთხოვოს, რომ შუამავლის მისია, საფრანგეთის ნაცვლად, ჩვენს თავზე ავიღოთ. ვფიქრობთ, არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი ამის წინააღმდეგები არ იქნებიან, ამის წინააღმდეგი არც სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა იყოს. თუ რაღაც ძალები მაინც წინააღმდეგები იქნებიან, ამერიკულმა და ევროპულმა სომხურმა ლობებმა მათ სერიოზული მითითებები და რჩევები უნდა მისცენ. ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი არ მოეწონება, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, კავკასიაში ისედაც დასუსტებულ პოზიციებს კიდევ უფრო მეტად დათმობს და დაკარგავს. ე წ. ОДКБ-მ სომხეთს შესთავაზა, თავისი ძალები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განათავსოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევლენ, ისინი თავის პოზიციას დააფიქსირებენ. ამით რუსეთი ცდილობს, თავის გავლენების სურვილები შეინარჩუნოს, მას სურს, კავკასიაში გავლენები შეინარჩუნოს“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები