რევაზ სოხაძე – „ჩვენ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამტკიცებთ ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია“

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტის დამტკიცების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, საკრებულოს სხდომაზე ოპონენტები საკითხების ზედაპირულად გამოტანას კვლავ აგრძელებენ. მისი თქმით, საკრებულო ამტკიცებს ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია. რევაზ სოხაძის თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს გადის, ერთ-ერთი კარგი გეგმარებითი დავალებაა, რაც კი საკრებულოს დაუმტკიცებია.

„ჩვენ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამტკიცებთ ყველა იმ გეგმარებით დავალებას, რომელიც ქალაქისთვის ურბანულად მისაღებია და არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე დგას ამ გეგმარებითი დავალების უკან, თუ ირაკლი როსტომაშვილი, რომელიც მუდმივად გვაკრიტიკებს. ვინც არ უნდა იდგეს კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმის უკან, ჩვენ ყოველთვის ვმსჯელობთ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ზოგადად, ქალაქის ურბანული პოლიტიკა ამოგლეჯილად არასდროს უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ჩვენ დღეს ურბანულად აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ქალაქში არსებულ უკანონო მშენებლობებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას. რევაზ სოხაძის თქმით, ქალაქში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გაჭირვებულის მანტიას ამოფარებულები, უკანონო მშენებლობებს ახორციელებენ.

„უკანონო მშენებლობები ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, უბნების ქაოტური განაშენიანება მაინც მიმდინარეობს. ჩვენ ვაპირებთ, მუნიციპალიტეტის წინაშე ეს საკითხი აქტიურად დავაყენოთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მხარს დაგვიჭერენ. უკანონო მშენებლობების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარის არ არის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო“- განაცხადა რევაზ სოხაზემ.

რევაზ სოხაძე, თავის გამოსვლაში, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტსაც შეეხო და განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა და გაზრდილი ბიუჯეტი, ქალაქში კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

„ბიუჯეტის ზრდა უდავოდ კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც დედაქალაქის ადმინისტრაციაში მოვედით ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდე იყო. ახლა კი დაახლოებით მილიარდ ნახევარია. იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე თანხები გამოყოფილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები